მედიაცია - კონფლიქტური მხარეების მორიგების პროცედურაა, მათი მოლაპარაკებაში ნებაყოფლობით ჩართვის გზით, ნეიტრალური მხარის- მედიატორის (შუამავლის) თანდასწრებით და ურთიერთშეთანხმების მიღწევის მიზნით.
მედიაციის მსგავსი ინსტიტუტის არსებობა უცხო არ არის ქართული სამართლისათვის. იგი ქართული სამართლის ისტორიაში გვიანფეოდალური ხანიდან არის ცნობილი ე.წ. ბჭე-მედიატორთა სასამართლოს სახელწოდებით. გარდა ამისა, საბჭოთა პერიოდის კანონმდებლობაშიც ფიგურირებდა არბიტრაჟთან ერთად სამედიატორო სასამართლო, მაგრამ იგი მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.
დღეისათვის კი ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის შექმნის აუცილებლობაგანაპირობა ერთმა ფაქტორმა. 2007 წლის აგვისტოში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წამოიწყო პროგრამა მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების დაზღვევისთვის. ამ ინციატივამ თავდაპირველად მოიცვა 200 000 ადამიანი თბილისსა და იმერეთის რეგიონში, რასაც 2008 წლიდან დაემატება 500 000 ადამიანი, ხოლო მომავალში ივარაუდება, რომ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული კერძო სამედიცინო დაზღვევის ბენეფიციარების რიცხვი დაახლოებით 1 მილიონს მიაღწევს.
გარდა ამისა, 2008 წლიდან, უმწეო მოსახლეობის გარდა, ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებენ სპეციალური ჯგუფები - პედაგოგები, ძალოვანი სტრუქტურები და საჯარო მოხელეები. საქართველოს ჯანმრთელობის სახელმწიფო პოლიტიკა, ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას განიხილავს როგორც ჯანდაცვის დაფინანსების ძირითად მეთოდს სამომავლოდ და 2009 წლისთვის მოსახლეობის 2/3 მოცული იქნება ჯანმრთელობის დაზღვევით.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამებიდან ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის სისტემაზე გადასვლა ასეთ მოკლე დროში, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად გაზრდის დაზღვევასთან დაკავშირებული საჩივრებისა და დავების რიცხვს. ამ დავების ძირითადი მიზეზი მზღვეველებისა და დაზღვეულების მიერ სადაზღვევო პოლისის არასწორი და არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციაა. ჯანმრთელობის დაზღვევა რთული საკონტრაქტო ურთიერობაა და მისი ინტერპრეტაციისთვის სპეციალური ცოდნაა საჭირო. მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის უკეთ ახსნისთვის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში იქმნება სპეციალური სამსახურები, რომლებიც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო ურთიერთობისას წარმოქმნილი დავების მოგვარებაში. საქართველოში მსგავსი სერვისი არ არსებობს. მედიტორისა და ომბუდსმენის ოფისები მსოფლიოში აქტიურად არიან ჩართული მოსახლეობის ინფორმირების პროცესში ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ. მედიატორი მოსახლეობასთან შეხვედრებისა და საჯარო პრეზენტაციების მეშვეობით, ხოლო მისი თანამშრომლები - სატელეფონო საუბრებითა და ახსნა-განმარტებების მიცემით, ეხმარება რიგით დაზღვეულს, პროვაიდერს, თუ სხვა სამიზნე ჯგუფებს, მიიღონ პასუხები დაზღვევასთან დაკავშირებულ კითხვებზე.
საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მიღებულია 1995 წლის 24 აგვისტოს, ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დამცველ ნორმებში განსაკუთრებულ ადგილს უთმობს ჯანმრთელობის დაზღვევას, როგორც ხელმისაწვდომ სამედიცინო დახმარების საშუალებას. კერძოდ, კონსტიტუციის 37-ე მუხლში ჩაწერილია, რომ ”ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით ”.
1997 წლის აპრილში მიღეუბლ იქნა კანონი სამედიცინო დაზღვევის შესახებ. იმავე წლის მაისში მიღებულ იქნა კანონი დაზღვევის შესახებ, ხოლო 25 ნოემბერიდან ძალაში შევიდა საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც დეტალურად არეგულირებს სადაზღვევო ურთიერთობებს.
ახალი მატერიალური და საპროცესო სამოქალაქო კანონმდებლობის მიღების შემდეგ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მნიშვნელოვნად გაიზარდა დარღვეული უფლებების დასაცავად საერთო სასამართლოებში შეტანილი სარჩელების რაოდენობა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც სადაზღვევო ურთიერთობებს, მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევას ეხება.
სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ასევე გვიჩვენებს, რომ დავათა მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც წესი, მართლაც დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობიდან, ან არასათანადო შესრულებიდანაა წარმოშობილი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი წილი დავებისა მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების არასწორ გაგებასთან, ან შეგნებულად არასწორ ინტერპრეტაციასთანაა დაკავშირებული. ვფიქრობთ, სასამართლოსადმი მიმართვამდე სათანადო კონსულტაციების შემთხვევაში ამგვარი საჩივრების რიცხვი გაცილებით შემცირდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს ამ დავების არასასამართლო გზით გადაწყვეტის მექანიზმის შექმნა.
საქართველოს პირობებში ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავების არასასამართლო გზით გადაწყვეტის მიზნით ყველაზე მეტად მისაღებია მედიაციის ფორმა, რაც კარგად ესადაგება არაკომერციული იურიდიული პირების საქმიანობის სფეროს.
საქართველოში მედიაციის სამსახურის დაფუძნების იდეასთან დაკავშირებით ჩატარდა კონსულტაციები ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიების მმართველ პირებთან. მათ გაეცნოთ ჯანმრთელობის დაზღვევის სამედიატორო სამსახურის ორგანიზების, მისი ფუნქციონირებისა და უფლებამოსილების საკითხები. სადაზღვევო კომპანიების მმართველი პირებისგან მიღებულ იქნა თანხმობა ამ სამსახურთან თანამშრომლობაზე.
”ჯანმრთელობის დაზღვევის მედიატორი” დაფუძნდა 2008 წელს.
დღევანდელ დღეს იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
